Saturday, February 15, 2020

კითხვითი უნარების გაუმჯობესება და მოგვარების გზები (ნაწილი I)




ნათია უჩავას სტატია

მასწავლებლები ხშირად ვაწყდებით კითხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ სტატიაში მოგიყვებით ჩემს პრაქტიკულ კვლევაზე, რომელიც კითხვითი უნარების გაუმჯობესების გზებს გთავაზობთ.
დასაწყისში მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყო პრაქტიკულ კვლევასთან დაკავშირებით, რათა ერთგვარი წარმოდგენა შეგიქმნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მასწავლებლისთვის საკუთარი პრაქტიკული კვლევის ჩატარება. პრაქტიკული კვლევის დროს, როგორც თეორია და პრაქტიკა, ასევე კვლევა და მოქმედება კავშირშია ერთმანეთთან.  მასწავლებლის საკუთარი პრაქტიკის კვლევა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს პრობლემების აღმოფხვრას, მეორეს მხრივ კი, ეხმარება მასწავლებელს ცოდნის მიღებასა და გაღრმავებაში. პრაქტიკული კვლევის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც გვინდა არსებული მდგომარეობის შეცვლა.
ჩემი კვლევის მიზანი გაჩნდა მაშინ, როდესაც დავასრულეთ ანბანის შესწავლა და გადავედით კითხვაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეინიშნებოდა, რომ კლასში კითხვის პრობლემა იდგა. მოსწავლეების უმრავლესობა ვერ კითხულობდა გამართულად, არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი, ასევე მათთვის სირთულეს წარმოადგენდა წაკითხულის გააზრება. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა პრაქტიკული კვლევა, რომლის მიზანი იყო, მოსწავლეებს კითხვის ეფექტური მეთოდებითა და სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით  გაეუმჯობესებინათ  კითხვის ტექნიკა, მოეხდინათ გაგება-გააზრება, გაეუმჯობესებინათ ფონოლოგიური უნარ-ჩვევები და გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი.
კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო:
  1. სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები ( პირველი კლასი);
  2. ჩემი სადამრიგებლო კლასის მშობლები;
  3. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები.

კვლევის განმავლობაში ვცდილობდი პასუხი გამეცა შემდეგ კითხვებზე:
  • რა ფაქტორები ახდენს გავლენას კითხვის ეფექტურობაზე?
  • როგორია კითხვის სტრატეგიების გამოყენება ჩემს სამიზნე კლასში?
  • როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს კითხვითი მეთოდების გამოყენების პრაქტიკა?
  • რა შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ კითხვითი მეთოდის კიდევ უფრო გასაზრდელად?
კვლევის დასაწყისში გავეცანი სხვადასხვა ლიტერატურას, მათ შორის ჩემთვის ბევრი საინტერესო სტატია აღმოჩნდა mastsavlebeli.ge-ის პორტალზე, რომელიც დამეხმარა მუშაობის პროცესში.
მონაცემთა შეგროვება გადავწყვიტე რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდის  გამოყენებით. ვთვლი, რომ ორივე მეთოდის გამოყენება კვლევას უფრო სანდოს ხდის.

კვლევის განხორციელება და ანალიზი
კვლევის პირველ ეტაპზე მოვახდინე  ჩემს სადამრიგებლო კლასში საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება. შედეგად უკეთ შევისწავლე არსებული პრობლემები. შევარჩიე ფოკუსჯგუფის წევრები, რომელთანაც ვაწარმოე სიღრმისეული ინტერვიუ. ეს მეთოდი გამოვიყენე დაწყებითი საფეხურის პედაგოგებთან, რამაც პრობლემის მიზეზები უფრო გამოკვეთა.
კლასში ჩავატარე გამოკითხვა, რომლის მეშვეობითაც დავადგინე მოსწავლეების დამოკიდებულება კითხვისადმი, ინტერესები და კლასში არსებული ზოგადი ფონი. ამან საშუალება მომცა, ეფექტურად  შემემუშავებინა ინტერვენციები.
ანონიმური გამოკითხვა ჩავატარე მშობლებთან, შედგენილი კითხვარის გამოყენებით, რის საშუალებითაც დავადგინე, რამდენად უწყობენ ხელს შვილებს კითხვაში, კითხვის რომელ მეთოდებს იყენებენ,  ხედავენ თუ არა ამ საკითხში პრობლემას.
სიღრმისეული ინტერვიუ ვაწარმოე  მასწავლებლებთან, რათა დამედგინა მათ კლასში პრობლემები, რომლის გადაჭრის გზებსაც შემდეგში შევთავაზებდი.
მას შემდეგ რაც გავეცანი ლიტერატურას და შევაგროვე მონაცემები, შევიმუშავე ინტერვენციები, რომელიც ითვალისწინებდა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების მოგვარებას. გაკვეთილები ჩავატარე შემდეგი სტრატეგიების მიხედვით:
  • დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა, რომლის მიზანიც იყო ტექსტის მახასიათებლებისა და ფონეტიკური ცოდნა, ტექსტის შინაარსის გაგება/გააზრება, გაბმული კითხვა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება. ეს ინტერვენცია ვიზუალური წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებასაც ემსახურება.
მოსწავლეებისათვის შევქმენი დიდი წიგნი, რომელიც გავაფორმე ილუსტრაციებით. მოსწავლეებში ამან ერთგვარი მოტივაციის ამაღლებაც გამოიწვია, რადგან ძალიან მოეწონათ მათთვის უცხო ზომის წიგნი. ამ ინტერვენციის განხორციელების დროს ბავშვები კითხულობდნენ ჩემთან ერთად, მეწყვილესთან ერთად და ასევე ინდივიდუალურად.  მქონდა გამოჭრილი ჩარჩო, რომელშიც ერთ რომელიმე სიტყვას ვათავსებდი, მოსწავლეებს უნდა ამოეკითხათ, დაესახელებინათ სიტყვა და განემარტათ. ამ ინტერვენციამ ხელი შეუწყო სემიოტიკური კომპეტენციის გამომუშავებასა და განვითარებას. მოსწავლეებს განუვითარდათ საკუთარი ნააზრევისა და განცდილის  სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი.
2) ორიენტირებული კითხვა ეს მეთოდი ხელს უწყობს ტექსტის გაგებას, მოსწავლეებს უვითარებს  კრიტიკულ აზროვნებას, აგრეთვე ვარაუდების გამოთქმასა და არგუმენტირებულ მსჯელობას, სიღრმისეულად ხდება ტექსტის დამუშავება.
მოსწავლეებისათვის შევარჩიე მცირე ზომის, მარტივი ტექსტი. ის მონაკვეთებად მქონდა დაყოფილი. დაფაზე გაკრული მქონდა ფორმატი, სადაც ვარაუდების სქემა მქონდა დახაზული. მოსწავლეებს წავუკითხე ტექსტი და შევავსე ვარაუდების სქემა, მას შემდეგ, რაც მათ აზრი გამოხატეს. ბოლოს კი შევსებული სქემა შევაჯამეთ.
ორიენტირებული  კითხვის შედეგად მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. ეს მეთოდი იძლევა საშუალებას ყველა დონის მოსწავლემ გაიაზროს ტექსტი, შეუნარჩუნოს ყურადღება და დარჩეს დაინტერესებულ მკითხველად.
3) მნიშვნელოვანი სიტყვები – ამ მეთოდის დროს მოსწავლეები არამხოლოდ ახალ სიტყვებზე მუშაობენ, არამედ იძენენ სხვადასხვა კონტექსტში ამ სიტყვების გამოყენების უნარ-ჩვევებს. აგრეთვე, განარჩევენ ტექსტში მთავარ და მეორეხარისხოვან ინფორმაციას.
მოსწავლეებისათვის შევარჩიე აღწერილობითი ტიპის ტექსტი, სადაც მათთვის უცხო რამდენიმე სიტყვა იყო მოცემული. ყველა მოსწავლისათვის დავამზადე ტექსტი და დავურიგე წებოვანი ბარათები. სანამ უშუალოდ ტექსტზე მუშაობას დავიწყებდით, გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეებს გავუღვიძე ინტერესი. მივეცი შემდეგი ტიპის დავალება, მათ უნდა ამოეწერათ წებოვან ბარათებზე ტექსტიდან მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც შინაარსის გააზრებას შეუწყობდა ხელს. შემდეგ უნდა გაეკრათ დაფაზე, სადაც გამოიკვეთებოდა ყველაზე რეიტინგული სიტყვა. იმისათვის, რომ ამ სიტყვების უკეთ გააზრება მომეხდინა, მოსწავლეებს შერჩეულ სიტყვებზე მივეცი სხვადასხვა დავალებები. ისინი დავყავი ჯგუფებად. ერთ ჯგუფს მოცემული სიტყვების სინონიმები და ანტონიმები უნდა დაეწერა. მეორეს ტექსტიდან ამოეწერა წინადადება, სადაც ეს სიტყვა იყო გამოყენებული. მესამე ჯგუფს კი უნდა მოეყვანა კონკრეტული მაგალითი, როგორ გამოიყენებდა ამ სიტყვას სხვა კონტექსტში.
4) მკითხველთა თეატრი გამართულ კითხვასა და გაგებას უწყობს ხელს. ამ მეთოდის გამოყენების დროს კვირის დასაწყისში მოსწავლეებისათვის შევარჩიე მოთხრობა, რომელიც დატვირთული იყო დიალოგებით.  მოსწავლეებს გავუნაწილე როლები და მივეცი შესაბამისი ტექსტი.  მათ მთელი კვირის განმავლობაში ჰქონდათ დრო ტექსტის დასამახსოვრებლად. ასევე ვესაუბრე თეატრის მნიშვნელობაზე, გავაცანი ტერმინები და მეტი სიცხადისთვის წავიყვანე თეატრში, დავესწარით სპექტაკლს ,,ტყის ამბები“. ყოველივე ამის შემდეგ კლასში მოვაწყვეთ წარმოდგენა, რომელიც მოსწავლეებისა და ჩემი ჩართულობით იყო გაფორმებული.  ყველა მოსწავლე შესაბამისი როლის ტექსტს ამბობდა, ცდილობდნენ გამომეტყველებითა და შესაბამისი ინტონაციით წარმოეთქვათ. წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეებს გავუკეთე განმავითარებელი კომენტარები.

Sunday, February 9, 2020

ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა 07.02.2020

2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა. დოკუმენტში განხილულია განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული სიახლეები.
ევროკავშირის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ განათლების პრიორიტეტად გამოცხადება და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფა. 2022 წლისთვის განათლებაზე დახარჯული თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება.
ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისა და ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს, როგორც ახალგაზრდებს, ასევე, ზრდასრულებს.
დოკუმენტში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული საქართველო მიღწევები ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, კერძოდ, აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს გაწევრიანდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) და დარეგისტრირდა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში (EQAR).
ანგარიშის მიხედვით, საქართველო წარმატებით აგრძელებს მონაწილეობას უმაღლესი განათლების მიმართულებით Erasmus+-ის პროგრამაში. ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა საერთაშორისო მობილობის თვალსაზრისით და 141 მონაწილე ქვეყანას შორის მე-6 ადგილს იკავებს.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია, რომ 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ევროპული სკოლის პროექტის ფართომასშტაბიანი განხორციელება ოფიციალურად დაიწყო, რომელიც თავს მოუყრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს და მათ მულტიკულტურულ გარემოზე, ევროპულ ღირებულებებზე, მშვიდობაზე, ტოლერანტობაზე, დაფუძნებულ უნიკალურ კურიკულუმს შესთავაზებს.
მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით საქართველომ დაიწყო „ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის (Policy Support Facility, PSF) ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების თანამიმდევრული იმპლემენტაცია. რეკომენდაციები ითვალისწინებს პერსპექტიული კვლევითი სფეროების იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრას; მეცნიერებისა და ბიზნესის კავშირების მხარდაჭერას; ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამეცნიერო ინსტიტუციების, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის წახალისებას.
ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, როდესაც 2019 წლის სექტემბერში ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციის EURAXESS-ის ქსელს შეუერთდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მიღწევა ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია კულტურის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი კამპანია (საქართველო, ევროპა), რომლის მიზანია საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ჩვენი ქვეყნის “Europalia”-ში მონაწილეობისთვის მზადება. 
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში რიგით მეოთხე დოკუმენტია ასოცირების შეთანხმების 2016 წელს ძალაში შესვლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული ანგარიშის საფუძველზე მოხდება საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგის განახლება მომდევნო წლებისთვის.

კითხვითი უნარების გაუმჯობესება და მოგვარების გზები (ნაწილი I)

ნათია უჩავას სტატია მასწავლებლები ხშირად ვაწყდებით კითხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ სტატიაში მოგიყვებით ჩემს პრაქტიკულ კვ...